სკოლამდე არის მარსო

← ყველა სტატია მარსოს ჟურნალი

დიდები პატარების თამაშებს თამაშობენ

თითქმის ყველა წარმატებული საბავშვო ბაღის პროგრამის აღწერაში შეხვდებით თამაშით სწავლების მეთოდს. ეს ორი სიტყვა განსაკუთრებით სასიამოვნოა მშობლებისთვის - შვილი ერთდროულად ერთობა და სწავლობს. მაგრამ რა არის ამ მეთოდის არსი?

ჩვენ, დიდები, ისევე ვთამაშობთ, როგორც პატარები და თამაშით ვიძენთ ახალ გამოცდილებას. უბრალოდ ჩვენი თამაშები ოდნავ განსხვავებულია, თუმცა მიზანი იგივეა - ახალი უნარების შეძენა და განვითარება.

გაგიფიქრიათ ოდესმე, რამდენად ჰგავს ბავშვების თამაშები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას? აი, მაგალითად, გახსოვთ როგორ თამაშობდნენ ბავშვობაში "მაღაზიობანას"? პატარა ქვები და ფოთლები "ფულად" და "საქონლად" იქცეოდა ხოლმე. დღეს კი ჩვენ, დიდები, იგივე თამაშს ვთამაშობთ - უბრალოდ ამას უკვე "ბიზნესი" ჰქვია.

ჩვენს საბავშვო ბაღში ხშირად ვაკვირდები, როგორ თამაშობენ პატარები "შეხვედრობანას" - თოჯინებს მაგიდის გარშემო სვამენ და რიგრიგობით "პრეზენტაციებს" აკეთებენ. ეს სცენა ძალიან ჰგავს ჩვენს სამსახურეობრივ შეხვედრებს, უბრალოდ თოჯინების ნაცვლად კოლეგები სხედან.

როცა პატარა გოგონა თოჯინას აძინებს და მკაცრი ხმით ეუბნება "ძილის დროა!", ის დედობას სწავლობს. როცა ბიჭი კუბიკებისგან კოშკს აშენებს და მეგობრებს მითითებებს აძლევს, ის ლიდერობას სწავლობს. როცა ბავშვები თამაშის დროს კამათობენ და შემდეგ შეთანხმებას აღწევენ - ისინი მოლაპარაკების ხელოვნებას ეუფლებიან.

დიდებიც ყოველდღე ვთამაშობთ:
როცა ახალ ტანსაცმელს ვზომავთ - ეს იგივე "გადაცმობანაა"
როცა ახალ ადამიანებთან შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობთ - ეს "გაცნობანაა"
როცა ახალ თანამდებობაზე ვიწყებთ მუშაობას - ეს რთული როლური თამაშია

მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - ბავშვებს ამ თამაშებისთვის აქვთ უსაფრთხო სივრცე. საბავშვო ბაღი არის დიდი სათამაშო მოედანი, სადაც შეიძლება სხვადასხვა როლის მორგება შეცდომის ჩადენის შიშის გარეშე.

აქ შეიძლება:
წაჩხუბება და შერიგებ
ლიდერობა და დამორჩილების სწავლა
გაზიარება და საკუთარის დაცვა
ფანტაზიორობა და იდეების განხორციელება

სწორედ ამიტომაა საბავშვო ბაღი ასეთი მნიშვნელოვანი. ეს არ არის ადგილი, სადაც ბავშვი უბრალოდ დროს ატარებს, სანამ მშობლები მუშაობენ. ეს არის საზოგადოების პირველი მოდელი, სადაც თამაშით ბავშვი სწავლობს ყველაფერს, რაც მას მომავალ ცხოვრებაში გამოადგება.

კარგ საბავშვო ბაღში ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, სავსე თამაშებით. როცა ბავშვები ერთად საუზმობენ - ეს ოჯახობანაა. როცა მორიგეობენ - ეს პასუხისმგებლობის თამაშია. როცა ხელნაკეთ ნივთებს აკეთებენ - ეს შემოქმედებითობის თამაშია. და როცა უბრალოდ ეზოში დარბიან - ეს მეგობრობისა და ურთიერთგაგების თამაშია.

ხშირად, როცა ვუყურებ ბავშვების თამაშს ბაღში, ვფიქრობ: იქნებ ჩვენ, დიდებს, ზედმეტად სერიოზულად მიგვაჩნია ცხოვრება? იქნებ დროდადრო ღირს სამყაროს ბავშვის თვალით შევხედოთ და გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი გამოცდილება უბრალოდ ახალი თამაშია, საიდანაც რაღაც საინტერესოს სწავლა შეიძლება?

© მარიამ შარიქაძე

პირველი შეხვედრა

გაიცანით მარსო ახლოდან

ეწვიეთ ჩვენს სივრცეს, შეხვდით პედაგოგებს და ერთად შევარჩიოთ ბავშვისთვის საუკეთესო პროგრამა.

დარეგისტრირდით